განათლების სისტემის ინკლუზიურობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, მთლიანი განათლების სისტემა მზადაა განავითაროს და დაამკვიდროს საგანმანათლებლო გარემო, რომელიც განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების მქონე პირებს, სწავლის, განვითარებისა და წარმატების მიღწევის  თანაბარ პირობებს შეუქმნის. ამასთანავე, ინკლუზიური განათლების განვითარებით, საქართველოს მთავრობა იმ ვალდებულების რეალიზებას ახდენს, რომელიც 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (გაერთიანებული ერები, 2008) რატიფიცირების შედეგად აიღო. 

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა, პროფესიული განათლებისსაფეხურზე, 2013 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის დაინერგა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა, ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მიდგომები და სპეციალური სერვისები. ამასთანავე,  პროფესიული განათლების სისტემაში ხორციელდება  ისეთი მხარდამჭერი ინიციატივები, რომლებიც ხარისხიან პროფესიულ განათლებას, მეტად ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 

მრავალფეროვანი საჭიროებისა და შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობას,

მნიშვნელოვან საკანონმდებლო საფუძველს უქმნის საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომლის თანახმადაც, ინკლუზიური განათლება განმარტებულია როგორც „თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის უზრუნველყოფილია განათლების, ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება“ (2018 წ.).