პროფესიული განათლების სფერო რეგულირდება პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებული კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელმაც ჩაანაცვლა 2007 წლიდან მოქმედი “პროფესიული განათლების შესახებ” კანონი. 2019 წლიდან დაიწყო კანონის დანერგვის აქტიური ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა -  მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და საკვანძო კომპეტენციების განვითარების შესახებ; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული  ჩარჩოს“ ჩამოყალიბების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის (ECVET) „კრედიტების ევროპული სისტემის“ ჩამოყალიბების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ;  კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობისთვის  ერთიანი ჩარჩოს შესახებ (Europass).

კანონის საფუძველზე ყალიბდება პროფესიული განათლების ახალი მოდელი, რომელიც  ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია, სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირებით განათლების სხვა ქვესისტემებთან. კანონი ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს  პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების, საშუალო საფეხურის  ინტეგრაციისა და პროფესიული განათლებიდან, უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობის შექმნისთვის; განსაზღვრულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ფორმების დანერგვის შესაძლებლობა; ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელება; ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება; ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომების დანერგვა; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება; მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბება; არაფორმალური და ფორმალური განათლების  აღიარების შესაძლებლობის შექმნა.