მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანები მოღვაწეობენ სოციალურ გარემოში, სადაც  იძენენ გარკვეულ ცოდნას და უნარებს. ინდივიდის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების პროცესი არ უკავშირდება ყოველთვის, სტრუქტურირებულ, წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებლო სივრცეს. არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესი შესაძლებელია ხორციელდებოდეს ნებისმიერ სექტორში, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ასაკის მიუხედავად. შესაბამისად, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ განათლებას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში და საგანმანათლებლო სისტემები, ყველა ქვეყანაში, ხელს უწყობენ მის აღიარების პროცესს, ამა თუ იმ ფორმით.

კანონი პროფესიული განათლების შესახებ არაფორმალურ განათლებას  განმარტავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილად, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა ცოდნისა და გაცნობიერების, უნარის ან/და პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის შეძენას;

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა,  არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების,  პროფესიული განათლების საფეხურზე აღიარების საშუალებას იძლევა, მხოლოდ არარეგულირებად პროფესიებში. არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია, მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. 


არაფორმალური განათლების აღიარებაზე უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია დააკმაყოფილებს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.

პროცედურული გზამკვლევები და ორგანიზაციების სია ხელმისაწვდომია  ვებ გვერდზე.