საქართველოს განათლების სისტემა შედგება ოთხი ქვესისტემისგან, ესენია:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემა;
  2. ზოგადი განათლების სისტემა;
  3. პროფესიული განათლების სისტემა;
  4. უმაღლესი განათლების სისტემა.

ქვესისტემები და შესაბამისი კვალიფიკაციები განლაგებულია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რვა დონეზე, სადაც პირველი დონე არის ყველაზე დაბალი, ხოლო მერვე დონე - ყველაზე მაღალი. დონეების მიხედვით იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე და ამ პროგრამების საფუძველზე გამომუშავებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მრავალფეროვნება, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ადგენს სხვადასხვა დონეზე განლაგებული კვალიფიკაციების ურთიერთკავშირს და მათი პროგრესიის შესაძლებლობებს.

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო აგებულია ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების და პრინციპების გათვალისწინებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების თავსებადობას და აღიარებას განათლების ევროპულ სივრცეში.